3 ნოემბერს ირლანდიის დედაქალაქ დუბლინიდან საქართველოს მიმართულებით სპეციალური ჩარტერული რეისი შესრულდა, რომლითაც ქვეყნიდან 52 საქართველოს მოქალაქე, მათ შორის 7 არასრულწლოვანი, იძულებით გააძევეს.
ადგილობრივი მედია, ირლანდიის იუსტიციის სამინისტროზე დაყრდნობით, აკონკრეტებს, რომ დეპორტირებულთა შორის 45 ზრდასრული (35 მამაკაცი და 10 ქალი) და 7 ბავშვი იყო. გავრცელებული ინფორმაციით, ყველა არასრულწლოვანი ოჯახთან ერთად იმყოფებოდა.
ამ სპეციალური ოპერაციისთვის დაქირავებული რეისი, რომელიც კომპანია Air Partner Ltd-მ უზრუნველყო, სახელმწიფოს, ამ ეტაპისთვის, 187,625 ევრო დაუჯდა. თუმცა, სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს არ არის საბოლოო ღირებულება და „ანგარიშსწორების პროცესი ჯერ არ დასრულებულა“, რაც იმას ნიშნავს, რომ სრული ავიაბილეთები ს ხარჯი კიდევ უფრო მაღალი იქნება.
მომხდარს ირლანდიის იუსტიციის მინისტრი, ჯიმ ო’კალაჰანი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მსგავსი დეპორტაციები წლის ბოლომდე აქტიურად გაგრძელდება.
„კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო: თუ პირს საერთაშორისო დაცვაზე უარს ეტყვიან და სახელმწიფოს დატოვებას უბრძანებენ, ის ვალდებულია, ქვეყანა დატოვოს. თუ ამას ნებაყოფლობით არ გააკეთებს, ჩვენ ამას ვაიძულებთ,“ — მკაცრად განაცხადა მინისტრმა.
ამასთან, ო’კალაჰანმა ხაზი გაუსვა, რომ ეს პოლიტიკა არ ეხება იმ ქართველების უმრავლესობას, რომლებიც ირლანდიაში ლეგალურად ცხოვრობენ.
„საქართველოს მოქალაქეების უმეტესობა ჩვენს ქვეყანაში კანონიერი გზებით შემოდის. ჩვენ მათ მივესალმებით, რადგან ისინი ჩვენს ეკონომიკასა და საზოგადოებაში უდიდეს და პოზიტიურ წვლილს შეიტანენ,“ — დასძინა მინისტრმა.
როგორც ცნობილია, დეპორტირებულებს რეისზე თან ახლდნენ პოლიციის თანამშრომლები, სამედიცინო პერსონალი, თარჯიმანი და ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები.


